19 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - სენატში წარდგენილ კანონპროექტს ვაშინგტონში აფასებენ 

ვაშინგტონში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ სენატში შეტანილ კანონპროექტს აფასებენ.

დოკუმენტი ორპარტიულია და რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს. მიზეზად კი ის სახელდება, რომ პუტინის ხელისუფლება გამუდმებით არღვევს საერთაშორისო ნორმებს.

ბობ მენენდეზის და ლინდსი გრემის კანონპროექტი, რომელსაც ხელს ასევე სენატორები ბენ კარდინი და ჯინ შაჰინი აწერენ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევის და იმ აგრესიის გამო, რასაც მოსკოვი სირიაში და უკრაინაში ჩადის.

სენატორები ადმინისტრაციას რუსეთის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებენ და საჭიროდ მიიჩნევენ, რომ კონგრესმა იმოქმედოს. ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ამ საკითხში პრეზიდენტის კრიტიკას არ იზიარებს.

სენატორების კანონპროექტმა მორიგი სანქციები უნდა დაუწესოს არა მხოლოდ რუსეთის საბანკო, კიბერ და ენერგოსექტორებს, არამედ დანაშაულსა და კორუფციაში მონაწილე პოლიტიკურ ფიგურებს, ოლიგარქებს და მათი ოჯახის წევრებს.

სენატორების კანონპროექტში ნატო-სთან დაკავშირებითაც ჩადებულია მუხლი. ის აუკრძალავს შეერთებული შტატების პრეზიდენტს გამოვიდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან, სენატის 2 მესამედის თანხმობის გარეშე.

ნატოელ მოკავშირეებთან დაკავშირებით გაკეთებული მკაცრი განცხადებების მიუხედავად, რიჩარდ უეითზი არ ფიქრობს, რომ ვაშინგტონში ვინმეს ალიანსის დატოვების სურვილი ჰქონდეს.

სენატორები ამბობენ, რომ მოსკოვი იმ დრომდე გააგრძელებს ზეწოლას, ვიდრე მას რეალური წინააღმდეგობა არ შეხვდება. ბობ მენენდეზის თქმით, ამერიკის კონგრესი დაიცავს ქვეყნის ინსტიტუტებს, მოკავშირეებს და ღირებულებებს იმ შემთხვევაშიც, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა გააკეთოს.

სენატორების თქმით, კანონპროექტში ისეთი მწვავე სანქციებია გათვალისწინებული, რომლებიც აქამდე არ ყოფილა.

დღის ამბები