დედაქალაქის მთავრობის ოპონენტებს არ სჯერათ, რომ K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვა შედეგს გამოიღებს.
საკრებულოს დეპუტატი, ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ K2-ის აკრძალვის ინიციატივა ნარმანიას დროსაც არსებობდა, თუმცა კანონში არსებული ხარვეზებით სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები სასურველი პროექტის მშენებლობის ნებართვის მიღებას ახერხებდნენ.
„ამგვარი ინიციატივა დეკლარირებულად ბატონ ნარმანიასაც ჰქონდა, მაგრამ რეალობა სხვა იყო. იმდენი ხვრელი იყო დარჩენილი კანონში, რომ გადამეტება კოეფიციენტისა ხდებოდა ქალაქ თბილისში.
კარგად უნდა ვნახოთ ეს რაზეა საუბარი, რომ აქაც არ იყოს მხოლოდ პიარზე ლაპარაკი და არსებითია მაგალითად მსგავსი ქმედება, როდესაც ისტერიულად ხდება ზოლების ცვლილება და ამ ზოლების უკვე მასიურად შეცვლის მერე მივიღებთ გენგეგმას,“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
თბილისის განვითარების საკითხზე კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა. კალაძის განცხადებით, კოეფიციენტების გადამეტებამ ქალაქის დამახინჯება გამოიწვია. მერი ამბობს, რომ რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედებიდან იქნება მიღებული წარმოებაში.