19 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
TBC ბანკი არ არის ის ლუკმა, რომელსაც გადაყლაპავს, „თიბისი ბანკი“ დაახრჩობს - რომან გოცირიძე ივანიშვილზე

„თიბისი ბანკი არ არის ის ლუკმა, რომელსაც გადაყლაპავს. თიბისი ბანკი დაახრჩობს, ამ ბრძოლას ის ვერ მოიგებს,“ - ამ განცხადებას, რომან გოცირიძე აკეთებს. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის მოთხოვნას ეხმაურება - ჩამოშორდეს თიბისი ბანკის მმართველობას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. 

ეროვნული ბანკი ხაზარაძე - ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გათავისუფლებასაც ითხოვს. განვითარებულ მოვლენებს გოცირიძე, ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად აფასებს.

მისი თქმით, საკმაოდ დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილი TBC ბანკის გამო, ეროვნულ ბანკზეც ახორციელებს ზეწოლას. დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული ზეწოლის მიზანს კი იძულების წესით ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ აქციების გაყიდვა წარმოადგენდა.

„ბუნებრივია, რომ ეს არის პირდაპირი ზეწოლა ივანიშვილის მხრიდან და ამ შემთხვევაში, შუამავლის როლს, როგორც ამბობენ, თამაშობდა გახარია და ფაქტობრივად, მიდიოდა ამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რომ არათუ სამეთვალყურეო საბჭოდან გამოეყვანათ ხაზარაძე და ჯაფარიძე, არამედ მათ გაეყიდათ აქციები. ეს იყო წარმოუდგენელი რამ, როდესაც 20-პროცენტიანი აქციის მფლობელი, რომელსაც მილიონნახევრიანი აქტივები აქვს, ელემენტარულად აგდებენ და ართმევენ ქონებას. ოღონდ ივანიშვილმა ვერ გათვალა ერთი რამ, როგორც ჩანს, მას არ აქვს მასშტაბის შეგრძნების ობიექტური აღქმა. „თიბისი ბანკი“ არ არის ის ლუკმა, რომელსაც გადაყლაპავს. „თიბისი ბანკი“ დაახრჩობს, ამ ბრძოლას ის ვერ მოიგებს. შეიძლება, ხაზარაძე და ჯაფარიძე დაამარცხოს, მაგრამ მთლიანობაში, უმძიმესი ფასი დაუჯდება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა დასახელდა. 

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

„თიბისი ბანკი“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები