19 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
"სისტემა მომართულია იმისკენ, რომ გაანადგურონ მოწინააღმდეგე" - მელიქიშვილი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ შავ პიარზე

მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ Facebook შეტევის ახალი ტალღის დაწყებას ოპოზიცია ეხმაურება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი, მამუკა ხაზარაძესა და მთლიანად თიბისი ბანკის წინააღმდეგ მიმართულ პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის.

მელიქიშვილი განმარტავს, რომ სისტემური შეტევა მიმდინარეობს, რაც თუნდაც სოციალურ ქსელებში დასპონსორებულ გვერდებზე ცრუ ინფორმაციის განთავსება-გავრცელებაშიც გამოიხატება.  

„თავიდან ვრცელდება ფეიკნიუსები, მათ შორის, მათ მართულ ტელევიზიებზე სიუჟეტები, ასევე, სოციალური ქსელი არის დატვირთული მთლიანად დასპონსორებული ცრუ ინფორმაციებით და ამის შემდეგ უკვე ღიად რთავენ პროკურატურას, უკვე ღიად რთავენ, ამ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს და სისტემა მომართულია იმისკენ, რომ გაანადგურონ მოწინააღმდეგე. აქედან გამომდინარე, ეს სისტემა არის მთლიანად დასანგრევი,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებზე სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი პოსტები ვრცელდება.

სოციალურ ქსელში აღნიშნული გვერდები არჩევნების წინ ოპოზიციის შავი პიარის და თავდასხმებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა.

თიბისი ბანკმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გათავისუფლებას ეხებოდა.

ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კი გუშინ ბანკმა გაასაჩივრა. 

დღის ამბები