19 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ასეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ყველა - ზაზა ხუციშვილი TBC-ს ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა ხუციშვილი თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

დეპუტატის თქმით, TBC ფინანსური ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რის გამოც, პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

„ასეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ყველა იმიტომ, რომ პრაქტიკულად, ჩვენი ფინანსური ბაზრის 40 პროცენტი სწორედ თიბისი ბანკს უკავია. ეს არის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია, რომელიც გასულია ლონდონის ბირჟაზე, აქციონერების დიდი ნაწილი უცხოელები არიან, რომელსაც ყველაფერი დარწმუნებული ვარ, მაღალ კონტროლზე ჰყავთ. ამიტომ, ეს საქმე ძალიან დიდი გამჭვირვალობით წარიმართება და დაველოდოთ შედეგებს,“ - განაცხადა ხუციშვილმა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სამართლებრივ ჭრილში განიხილავენ და პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებზე სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი პოსტები ვრცელდება.

სოციალურ ქსელში აღნიშნული გვერდები არჩევნების წინ ოპოზიციის შავი პიარის და თავდასხმებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა.

თიბისი ბანკმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გათავისუფლებას ეხებოდა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კი გუშინ ბანკმა გაასაჩივრა.

დღის ამბები