საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა მოწვევა პრემიერ მამუკა ბახტაძისგან მიიღო.
საქართველოს პრემიერი და მონტენეგროს პრეზიდენტი ერთმანეთს მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციაზე შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველდღიურად ღრმავდება. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. მე პრემიერ-მინისტრი მონტენეგროში მივიწვიე, მანაც დამპატიჟა თბილისში, რასაც სიხარულით დავთანხმდი. აღვნიშნეთ, რომ არსებობს ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესება, თუმცა, ასევე შევთანხმდით, რომ პრიორიტეტი მაინც ეკონომიკური თანამშრომლობაა,“ - ამბობს მილო დუკანოვიჩი.