19 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
სპორტსმენები, რომლებმაც სააკაშვილის და ემიგრანტების შეხვედრის ჩაშლა სცადეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსეს

მოჭიდავეები და მორაგბეები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის და ემიგრანტების შეხვედრის ჩაშლა სცადეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსეს. სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ მათ თბილისიდან ლიეჟში ჩასასვლელად, ემიგრანტების კრების ჩასაშლელად და უკან დასაბრუნებლად ფული გარდაბნის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გადაუხადა.  

მორაგბე რევაზ წიკლაური ძმამ კურიერს დაუდასტურა, რომ სპორტსმენი ბელგიის ქალაქ ლიეჟში, მეგობრებთან ერთად, ორგანიზებულად წავიდა.

წიკლაური ლიეჟში იმ არეულობებში მონაწილეობდა, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა მოქალაქეების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრის ჩასაშლელად მოაწყო.

რევაზ წიკლაური ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და სარაგბო კლუბ აიაში თამაშობს.

საშუალო შემოსავლის მქონე სპორტსმენი კურიერთან ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ლიეჟში საკუთარი ხარჯებით მეგობრების სანახავად წავიდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში კი, სადაც სპორტსმენის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს, მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახს მცირე შემოსავალი აქვს.

იმ დროს, როდესაც ქართველ მორაგბესთან კურიერმა ინტერვიუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩაწერა, ის, წესით, კლინიკის საოპერაციოში უნდა ყოფილიყო. მორაგბემ კლუბის ადმინისტრაციას აცნობა, რომ გლანდების ოპერაციას იკეთებდა, ვარჯიშზე ვერ გამოცხადდებოდა და ამიტომ კლუბს სამედიცინო ცნობა წარუდგინა. არადა, ამ დროს მორაგბე ლიეჟში სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა.

კურიერმა რამდენიმე იმ სპორტსმენის იდენტიფიცირებაც შეძლო, ვინც, წიკლაურთან ერთად, ემიგრანტების შეხვედრის ჩასაშლელად ლიეჟში იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გიორგი ჭინჭარაულია, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. ბელგიაში არეულობების მოსაწყობად ჭინჭარაული პარიზიდან ჩავიდა.

სპორტსმენების ერთი ჯგუფი, რომელიც ლიეჟის შეხვედრის ჩაშლაში მონაწილეობდა, ბელგიაში გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან წაიყვანეს.

ოპოზიციის მტკიცებით, ამ ჯგუფების მობილიზებას გარდაბნის კულტურის სამსახურის უფროსი, დავით ჭინჭარაული, ახდენდა. ფული სპორტსმენებს კი შესრულებული მისიისთვის გარდაბნის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი სინჯიკაშვილმა, გადაუხადა.

კურიერის გადამღები ჯგუფი ფაქტების გადასამოწმებლად გარდაბნის ზედამხედველობის სამსახურისა და კულტურის განყოფილებაში მივიდა. ორივე ჩინოვნიკი დაიმალა, ჟურნალისტს არ შეხვდა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა.

საქართველოდან საგანგებო დავალებით გაგზავნილი ზონდერების ფოტოები კურიერს იმ ემიგრანტებმა მიაწოდეს, რომლებიც მიხელ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ.

ფოტოებიდან კიდევ ერთი სპორტსმენის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელიც მოჭიდავე ლაშა ხუცაიძეა. ის თბილისში ცხოვრობს და დღემდე ჭიდაობის ფედერაციაში მუშაობს.

ბელგიაში მის ყოფნას ლაშა ხუცაიძის ოჯახის წევრები უარყოფენ.

 

დღის ამბები