ყოველი თვის ბოლოს ყველა მოქალაქე შემოსავლის ერთ ნაწილს თელასს ურიცხავს. ზამთარში დენის ფული განსაკუთრებული ტვირთია იმ ოჯახებისთვის, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს.
ერთი კილოვატსაათ ელექტროენერგიაში თბილისელები, საშუალოდ, 17 თეთრს იხდიან, თუმცა, თელასის ყოფილმა აუდიტორმა კურიერს სკანდალური ინტერვიუ მისცა.
ლევან რუსულაშვილი, რომელიც კომპანიის საქმიანობას წლების განმავლობაში აკონტროლებდა, ამტკიცებს, რომ დენის ტარიფი გაბერილია და თელასის მაღალჩინოსნები ფულს რომ არ იპარავდნენ, დენი თბილისში უფრო იაფი ეღირებოდა.
რუსულაშვილი ხელს პროკურატურისკენ იშვებს და ამტკიცებს, რომ ხალხის მიერ დენში გადახდილი ფულის მოპარვაზე მთავარი საგამოძიებო უწყება თვალს ხუჭავს.
სქემის მიხედვით, 17 თეთრი, რომელსაც მომხმარებელი ერთ კილოვატსაათ ელექტრონერგიაში იხდის, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორის დანარკარგებიც, ანუ მოსახლეობა ანაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც თვიდან თვემდე კომპანიას ადგება.
სქემის მიხედვით, ხალხისგან განსხვავებით დიდი კომპანიების ნაწილი მოხმარებული ელექტრონერგიის საფასურს არ იხდის, მათ დენს არავინ უთიშავს და თელასი ბიზნესს სასამართლოში უჩივის. ირკვევა, რომ თელასის იურისტები სასამართლო პროცესებზე არ ცხადდებიან, დავებს აგებენ და შესაბამისად, თელასი დავალიანებების ამოღებას ვერ ახერხებს. ზარალი, რომელიც კომპანიას ადგება, მილიონობით ლარია
თელასის ყოფილი აუდიტორის თქმით, სქემის მიხედვით, კომპანიები, რომლებსაც თელასის წინაშე დიდი დავალიანება აქვთ, კომპანიის თანამშრომლებთან გარიგებაში შედიან, მათ წინასწარ უთანხმდებიან, რომ დავა სასამართლოში თელასმა უნდა წააგოს, სანაცვლოდ ისინი დიდი ფულის გადახდას თავს არიდებენ და თანხის ნაწილს ქრთამის სახით ენერგოკომპანიის მაღალჩინოსნებს აძლევენ.
თელასის მეორე ყოფილ თანამშრომელს, რომელიც სქემაზე საუბრობს, ვინაობის გამხელა არ უნდა, თუმცა, ამავე სქემის მსხვერპლი ის მაშინვე აღმოჩნდა, როგორც კი სავარაუდო კორუფციულ სქემაზე ხმამაღლა ალაპარაკდა.
რატომ აგებდა თელასი საქმეებს სასამართლოში, თელასის ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, სქემის სათავეში კომპანიის იურიდიული სამსახურის მოქმედი უფროსი, დავით დოიჯაშვილი დგას.
ყოფილი თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ თელასში უკანონო გარიგებების შესახებ იცის თელასის ხელმძღვანელობამ და ამ თემაზე მოსკოვში, კომპანიის სათაო ოფისში, სკანდალური დასკვნაც გაიგზავნა.
რუსულენოვანი დასკვნის ქართულ თარგმანი გადააგზავნეს პროკურატურაშიც, თუმცა, ქართული ვერსიიდან ის გვერდი გააქრეს, სადაც დავით დოიჯაშვილის შესაძლო კორუფციულ კავშირებზე იყო საუბარი.
ირკვევა, რომ თელასის დიდი დავალიანება ჰქონდა კომპანია წყალკანალ 21-ს, რომლის თანამშრომელიც თამაზ ურთმელიძის მეუღლე მირანდა გურგენიძე იყო. იმ დროისთვის თამაზ ურთმელიძე თბილისის საქალაქო სასამრთლოში მუშაობდა და არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ის ცოლის კომპანიას ლობირებდა.
თელასის ყოფილ აუდიტორი ამბობს, რომ კორუფციული გარიგებების სქემა ღრმა და ყოვლისმომცველია და თელასის თანამშრომლების გარდა, მასში გახვეულია სასამართლო და პროკურატურაც.