ეროვნული ბანკის სკანდალურ განცხადებას და "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში ეხმაურება.
კნირში აცხადებს, რომ საბანკო სექტორი თავისუფალი უნდა იყოს და მათზე ზეწოლა არ უნდა ხორციელდებოდეს. დიპლომატი ასევე ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი საზედამხედველო ფუნქცია უნდა შეასრულოს და ბანკები გააკონტროლოს.
„მე უშუალოდ ბანკებისგან ვიღებ ცნობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკებს ქვეყანაში შეეძლოთ ფუნქციონირება, აგრეთვე მნიშვნელოვანია, კონტროლდებოდეს ბანკები და იმედს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკი შეასრულებს მის კომპეტენციაზე დაკისრებულ უფლებამოსილებას,“ - განაცხადა გერმანიის ელჩმა.
ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.
საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. "თიბისი ბანკმა" სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.