„იყო პოლიტიკური კრიტიკა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ამას მოჰყვა შემდეგ შეთანხმებული, ორკესტრირებული სადამსჯელო ოპერაცია სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მონაწილეობით,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.
ოპოზიციონერი დეპუტატი "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ივანიშვილის კერძო დაინტერესებას ხედავს.
დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „ოცნების“ ლიდერმა ხელისუფლება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარების მიზნით გამოიყენა.
ბაქრაძე მთავრობას ორკესტრირებული შეტევისა და პროკურატურის მიერ 11 წლის წინანდელ ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების გადაწყვეტილების მიღების გამო ახსნა-განმარტებისკენ მოუწოდებს.
„ამ შეტევის ქრონოლოგია იყო ისეთი, როგორიც გვახსოვს ძალიან ბევრ სხვა შემთხვევაშიც. კერძოდ, იყო პოლიტიკური კრიტიკა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ამას მოჰყვა შემდეგ შეთანხმებული, ორკესტრირებული სადამსჯელო ოპერაცია სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მონაწილეობით - ამ შემთხვევაში, პროკურატურის, ეროვნული ბანკის, ფულის გათეთრების სამსახურის, მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს და ა.შ. ამიტომ, ერთი მხრივ, მთავრობამ კეთილი უნდა ინებოს და ახსნას, რატომ გახდა მისი ასეთი ორკესტრირებული შეტევის და ყურადღების საგანი 11 წლის წინ მომხდარი ერთი კონკრეტული ოპერაცია, მაშინ, როდესაც დღეს ძალიან ბევრი დანაშაულია რეაგირების გარეშე, მათ შორის, კორუფციული დანაშაულები, მათ შორის, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულები,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.
საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თიბისი ბანკმა სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.