19 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
პარლამენტთან თანამშრომლობაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის გამოხატულ მზაობას არჩილ თალაკვაძე პასუხობს

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მზაობას, რომ დეპუტატებს ბანკის საქმეზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.

თალაკვაძის თქმით, ამ ეტაპზე საქმე პროკურატურაშია, რადგან ბანკის საქმეზე ე.წ. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით სამართლებრივი კითხვები არსებობს. საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ კი, თალაკვაძის განცხადებით, თუ რაიმე სახის კითხვა დარჩება, ამის შემდეგ ჩაერთვება პარლამენტი.

„ჯერჯერობით, კითხვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობს ბანკის წარმომადგენლებსა და საგამოძიებო სტრუქტურებს შორის და არა კომიტეტებთან. როდესაც ეს პროცესი ამოიწურება თუ დარჩება ობიექტური კითხები, რომელიც უნდა დასვას პარლამენტმა და გამოითხოვოს ამაზე მეტი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ შემდეგ გვექნება მსჯელობა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციასაც უპასუხა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.

„ოპოზიციის ეს წარმომადგენლები, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, მოეშვან თვალთმაქცობას და საზოგადოების გადარწმუნებას იმაში, რომ მათ მართლაც ადარდებთ რომელიმე ბიზნესმენის ბედი და საკუთრების საკითხი. ეს არის არაგულწრფელი განცხადებები. გულწრფელი პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის და ეს დაადასტურეს თავად დამფუძნებლებმაც ოფიციალურ ბრიფინგზე, რომ საფინანსო ინსტიტუტს და მის საქმიანობას სახელმწიფოს მხრიდან აქვს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განცხადება დღეს გაავრცელეს, სადაც "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. ხაზარაძე და ჯაფარიძე მზაობას გამოთქვამენ, 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების შესახებ კანონმდებლებს ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერ დროს მიაწოდონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები