19 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
„რომელ ხაზს აწვებით, არ ერევით თუ ცუდ ხალხს ებრძვით?" - ბოკერია წულუკიანს TBC-ის საქმეზე მიმართავს

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ეხმაურება. დეპუტატი „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირებს, რომელმაც მამუკა ხაზარაძე ღიად გააკრიტიკა.

გიგა ბოკერია ბანკთან და მის დამფუძნებელთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებაც შეაფასა. მინისტრმა ბოკერიას კრიტიკა ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასების გამო გუშინ დაიმსახურა, როდესაც აღნიშნა, რომ „როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც“.

„გუშინ მოვისმინეთ ქალბატონი წულუკიანის მორიგი შედევრი, სადაც ღიად დაემუქრა ის ამ კონკრეტულ პირებს და ციტატა მინდა მოგიყვანოთ და მინდა, რომ მოგთხოვოთ ამაზე გამოხმაურება, მან თქვა, რომ ის მოუვა ამ ბანკს, რასაც დაიმსახურებს ბატონი ხაზარაძე, როგორც ხაზარაძე მოიქცევა, ისე მოუვა ბანკსო და კონტექსტი იყო ძალიან მკაფიო და თან იქვე იძახის, რომ არაფერში არ ვერევითო და ამიხსენით, რომელ ხაზს აწვებით - არ ერევით თუ ცუდ ხალხს ებრძვით? იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ყველას გვახსოვს, რომ აქაც სურათი იყო ძალიან მკაფიო, ჯერ ბატონმა ივანიშვილმა გააკეთა განცხადებები, პირდაპირ, მის სტილში, კონკრეტული დასახელებით სამიზნისა - "თიბისი ბანკის" და ამ პერსონისა - ბატონი ხაზარაძის, რომელიც თურმე უმადურის და მადლობა არ მოუხადა მას. ამას მოჰყვა თქვენთან დაკავშირებული პროპაგანდის ორგანოების სოციალურ ქსელებსა და ყველგან მთელი კამპანია დემონიზების ამ ხალხის, ამ ინსტიტუტის და მერე უკვე სახელმწიფო ინსტიტუტები ჩაერთვნენ საქმეში, პროკურატურა, მერე ეროვნული ბანკი, ამიხსენით, ეს მიმდევრობა კითხვის ნიშნებს არ გიჩენთ?“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით დღეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელეს, სადაც "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. ხაზარაძე და ჯაფარიძე მზაობას გამოთქვამენ, 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების შესახებ კანონმდებლებს ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერ დროს მიაწოდონ.

აღნიშნული საქმის გამოძიების გამო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძე-ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობიდან ჩამოშორება მოითხოვა, რაც თიბისი ბანკმა გაასაჩივრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები