ჩვენ ვხვდებით მომსწრეები, როდესაც მოსამართლეები გადიან ყველანაირ ზღვარს, ისინი უკვე იქცევიან განგსტერების როლში - ასე ეხმაურება ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების, დიმიტრი გვრიტიშვილისა და სერგო მეთოფიშვილის საჯარო განცხადებებს.
მოსამართლეებმა განცხადებები Facebook-ზე გაავრცელეს, სადაც ისინი არაეთიკურად მოიხსენიებენ ადვოკატთა გაერთიანებას და მის თავმჯდომარეს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ამბობს, რომ განცხადებებში მუქარა რეალურად შესამჩნევია.
„ეს მუქარა ძალიან რეალურია იმიტომ, რომ "ადვოკატთა ასოციაციას" ძალიან ბევრი წარმოება აქვს სასამართლოში. რეალურად, ადვოკატის პროფესია ბოლოში სასამართლოსთან მიემართება. ჩვენვე ვხვდებით მომსწრეები, როდესაც მოსამართლეები გადიან ყველანაირ ზღვარს, ისინი უკვე იქცევიან რაღაც განგსტერების როლში, როდესაც ემუქრებიან შურისძიებით, ემუქრებიან დასჯით, ემუქრებიან, რომ "ადვოკატთა ასოციაციის" დამოუკიდებელ და პრინციპულ პოზიციას გავლენა ექნება მის მდგომარეობაზე,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
"ადვოკატთა ასოციაციამ" დღეს 400 იურისტის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ის იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, გააკონტროლოს დიმიტრი გვრიტიშვილისა და სერგო მეთოფიშვილის მუქარის შემცველი საჯარო განცხადებები.