უნდა იყოს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში - ამ თემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში დებატები გაიმართა. საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ საბჭოში პრეზიდენტს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს და მთავარსარდალს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოს.
ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პრეზიდენტი ინფორმირებული უნდა იყოს, თუკი მძიმე ვითარება დადგება ქვეყანაში, რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას იგი.
„რა არგუმენტის გამო არსებობს დღემდე მყარი პოზიცია თქვენი, უმრავლესობის, რომ პრეზიდენტს წარმომადგენელი არ ჰყავდეს და არ იყოს ამა თუ იმ ფორმით უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი სამუშაოს მონაწილე. იმისთვის, რომ ფიგურა, რომელსაც უნდა ვანდოთ ჩვენი ქვეყნის ბედი, თუ ასეთი მძიმე მომენტი დადგა, იყოს საქმის კურსში იმისი, რა უსაფრთხოების გამოწვევებია,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ინფორმირებული საბჭოს მუშაობაში.
„როგორ თვლით, არ ჯობია, რომ პრეზიდენტი გვყავდეს ინფორმირებული და მზად მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნის მთავრობას მიაჩნია სწორად საგანგებო და საომარი ვითარების დროს, თუ შემდგომ პრეზიდენტმა თავიდან უნდა დაიწყოს იგივე განხილვები, რაზეც განხილვა უკვე შემდგარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.