19 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
"თიბისის" დამფუძნებლების წერილი საკუთარი თანამშრომლებისადმი იყო უკიდურესად ღია და სახიფათო - რომან გოცირიძე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილს, სადაც ხელისუფლების მხრიდან ორკესტრირებულ ზეწოლაზეა საუბარი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ეხმაურება.

დეპუტატის შეფასებით, აღნიშნულმა წერილმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს "თიბისი ბანკის" „დაპატრონება“, რაც გოცირიძის ვარაუდით, წილების გასხვისების გზით მოხდება.

„თიბისი ბანკის" დამფუძნებლების წერილი საკუთარი თანამშრომლებისადმი იყო უკიდურესად ღია და სახიფათო. თუ იქ საუბარი იყო მათ ჩამოცილებაზე ბანკის მართვიდან, ამ წერილში უკვე საუბარია, ფაქტობრივად, ბანკის გაყიდვაზე, წილების დათმობაზე. ბანკის დაპატრონება ნიშნავს პატრონის შეცვლას წილების გასხვისების გზით. ამიტომ, ამაზე ღიად და ამაზე თვალნათლივ მიმდინარე პროცესს ვერაფერი დაახასიათებს. ამიტომ, უნდა დაჯდეს პარლამენტი და კეთილი ინებოს და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილოს საჯარო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ბანკზე განხორციელებული ორკესტრირებული თავდასხმის შესახებ მამუკა ხაზარაძის მიერ თანამშრომლებისთვის მიწერილი წერილი „კურიერმა“ მოიპოვა. ელექტრონულ შეტყობინებაში, რომლის ნამდვილობაც „კურიერმა“ რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა, მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილსა. ის აღნიშნავს, რომ უპრეცედენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. "თიბისი ბანკმა" სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

დღის ამბები