მთავრობის წევრები TBC ბანკის გარშემო დაწყებულ გამოძიებას ცალსახად მიჯნავენ როგორც პოლიტიკისგან, ისე ანაკლიის პორტისგან. მინისტრები ირწმუნებიან, რომ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პროექტი არ არის ცალკეული პიროვნების პროექტი და TBC ბანკის საქმე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
„ეს არ არის მხოლოდ იგივე ცალკეული პიროვნებების პროექტი, ეს არის მთელი კონსორციუმი. მე, მაგალითად, ვერ ვხედავ ისეთ ძალიან დიდ გავლენას ამ პროექტზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის მოვლენები, რაც ხდება ამ „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით, იქნება გასაკვირი, რომ ვთქვათ, რომ ამ მოვლენებს არანაირი გავლენა არ აქვს.
ვიმედოვნებ და იმედი მაქვს, რომ ეს ხმაური ჩაცხრება, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის მოვლენები არასოდეს აისახება პოზიტიურად, ზოგადად ჩვენს ეკონომიკასა და პოლიტიკაზე.
პროკურატურის სისწორის შეფასების უფლება არ მაქვს, რაც წავიკითხე, აქ არის რეალურად სერიოზული ბრალდება დამყარებული ფაქტებზე და ჩვენ ამის უგულებელყოფა არ შეგვიძლია,“ - ამბობს ქობულია.