„მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე ხედავენ, რა მაღალია უნდობლობა მათდამი ქართული საზოგადოების და ქართველი ხალხის მხრიდან, მაგრამ მაინც ჯიქურ, რქებით გვაწვებიან,“ - ეს განცხადება ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა.
ის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ამ ადამიანების მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი მაინც ცდილობენ, გახდნენ უვადოდ დანიშნული მოსამართლეები.
„დღეს გველაპარაკებით იმაზე, რომ თურმე არაფერი არ არის უხერხულობა იმაში, რომ მურუსიძე იყოს უვადო მოსამართლე და ჩინჩალაძე და გვრიტიშვილი. თქვენ ის კონფერენციები, რომელიც ჩაატარა ამ კორპუსმა, თუ ნახეთ, ეს იყო კომუნისტური პარტიის ყრილობები. თქვენ ამით უნდა მიმხვდარიყავით, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება სასამართლო სისტემაში. რომ ეს ერთი ხმა, ეს ერთი უნისონი, არავითარი საწინააღმდეგო აზრი, უკვე სახიფათოა ჩვენი მართლმსაჯულებისთვის, უკვე სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის.
"კიდევ ერთი ნიუანსი, მინდა ამას დააკვირდეთ, საკუთარი ნებით კი არ ფიქრობენ, რომ წავიდეთ სისტემიდან და გზა გავუხსნათ ახალ მოსამართლეებს, რომ ახალი კლასის ფორმირება მოხდეს მოსამართლეების, იგივე მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე, ხედავენ, რა მაღალია უნდობლობა მათდამი ქართული საზოგადოების და ქართველი ხალხის მხრიდან, მაგრამ მაინც ჯიქურ, რქებით გვაწვებიან. რქებით გვაწვებიან, რომ დარჩნენ სისტემაში. აქვთ იმედი იმისა, რომ პარლამენტში ჰყავთ ლობისტები, პარლამენტს გარეთ ჰყავთ ლობისტები და ჰგონიათ, რომ მარადიულები იქნებიან. დღეს ამ ტრიბუნიდან, მე მინდა, ვუთხრა მურუსიძესაც, ჩინჩალაძესაც, ყველა სხვა დანარჩენს, თქვენ ამ სისტემიდან წახვალთ,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.