„ივანიშვილმა გააფორმა კონტრაქტი სასამართლოს მმართველ ჯგუფთან. ამ ჯგუფს მოიხსენიებენ როგორც კლანს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
ოთარ კახიძის თქმით, ის მოსამართლეები, რომლებიც უვადოდ დასანიშნად არიან დასახელებულები, ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ.
დღეს მთელი დღის განმავლობაში, ხანგრძლივი და მწვავე დებატები მიმდინარეობდა პარლამენტში ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადებას გულისხმობს.
„ივანიშვილმა გააფორმა კონტრაქტი სასამართლოს მმართველ ჯგუფთან, ამ ჯგუფს მოიხსენიებენ როგორც კლანს და არც იმ სახელებს და გვარებს აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ მათი აზროვნება არის იგივე, რაც ჰქონდათ მანამდე... ეს არის, პრაქტიკულად, იმის აღიარება, რომ სასამართლო რეფორმა დასრულდა ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნით ხომ? ჩინჩალაძე წყვეტს, დღეს ვის განახილინოს საქმე და არა პროგრამა, რომელიც რეფორმის ფარგლებში ჩვენ შემოვიღეთ. რითი დასრულდა ეს უვადოდ დანიშვნები, ეს სასამართლოს ტალღები? ეს ყველაფერი დასრულდა სრული კრახით,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.