დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, ფრაქცია ქართული ოცნების დატოვების მოთხოვნით, მამუკა მდინარაძეს მიმართა.
ამის შესახებ თავად ფრაქციის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, გედევან ფოფხაძემ პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება.
„გედი ფოფხაძემ გუშინ მომმართა როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და დატოვა ფრაქცია. როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება პარტიაში. ზოგადად, როდესაც გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე კონკრეტულ მოცემულობასთან. ერთ-ერთი მაგალითია ძალიან თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო გუნდის წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანია და მათი გადასაწყვეტია. მე მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს შექმნილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ კი საპარლამენტო უმრავლესობა სამმა დეპუტატმა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა, დატოვა.
ეკა ბესელიამ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი და თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობდა, პარლამენტმა ჩააგდო.
ბექა ნაცვლიშვილმა კი გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მის ინიცირებულ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა.