არასამთავრობო ორგანიზაციების დემარში - მესამე სექტორის პროტესტი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვას მოჰყვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძემ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობისას მათი არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და ჯგუფის წევრებს მხოლოდ საკუთარი წინადადებები წარუდგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მსგავსი მიდგომა მოსამართლეთა შერჩევის სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს ვერ უზრუნველყოფს.
„ეს არის ფარსი და კლანის წევრებისთვის უზენაესი სასამართლოს მანტიების შეკერვა,“ - ასე შეაფასა გიორგი მშვენიერაძემ პარლამენტის თავმჯდომარის გეგმა და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის, თქმით, მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით მათი ინიციატივები კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.
„თუ ვინმეს პოზიციას არ ემთხვევა ჩვენი პოზიცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკას ჩვენ ვემხრობით,“ - ამბობს მიქაუტაძე.