19 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
"კლანის წევრი მოსამართლეებისთვის მანტიის შეკერვა" - გიორგი მშვენიერაძე კობახიძის ინიციატივაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გახმოვანებულ კრიტიკას და მის მიერ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მოხსენიებას ბრალდების ადრესატი - არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, ეხმაურება.

მშვენიერაძის თქმით, ირკალი კობახიძე ყველას, ვისაც მისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მოიაზრებს.

„პარლამენტის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მიიჩნევს ყველას, ვისაც მისგან განსხვავებული აზრი გააჩნია. ასეთად მიიჩნევს, მაგალითად, ანა დოლიძეს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის ოპონენტი იყო და არ უჭერდა მხარს და მისი საწინააღმდეგო პოზიციები ჰქონდა. ასეთ ადამიანად მიიჩნევს ყოფილ თანაგუნდელებს, მაგალითად, ბატონ გოგიჩაიშვილს და ქალბატონ ეკა ბესელიას და ბუნებრივია, ასეთად მიმიჩნევს მეც. ის ყველას მიიჩნევს მტრად, ნაციონალური მოძრაობის წევრად. ხატებაა მისთვის ნაციონალური მოძრაობა, როგორც მტრის და მოქმედებს პრინციპით, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძე კიდევ ერთხელ განმარტავს გუშინდელი შეხვედრის პროტესტის ნიშნად დატოვების მიზეზს.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კრიტერიუმების შერჩევასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე საკუთარი პოზიციის დათმობას არ გეგმავს. სწორედ ამის გამო, მშვენიერაძე სამუშაო ჯგუფში ყოფნის აზრს ვერ ხედავს.

„რაღა აზრი ჰქონდა ამ სამუშაო ჯგუფში ყოფნას, თუკი ყველა პრინციპულ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და ის ამ პოზიციების დათმობას არ აპირებს. სინამდვილეში გამოდის, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც იყო არის არა პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებმაც ღირსეული მოსამართლეების ნომინირება უნდა განაპირობოს უზენაეს სასამართლოში შესარჩევად, არამედ ეს უკვე არის განსაზღვრული კლანის მიერ მხარდაჭერილი ან კლანის წევრი მოსამართლეებისთვის მანტიის შეკერვა,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები