„ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შედეგი იქნება იმ განზრახვების სისრულეში მოყვანა, რაც ამ ჯგუფს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ჰქონდა,“ - ეს განცხადება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა, გააკეთა.
სოფო ვერძეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ეხმაურება.
ვერძეული ვერ ხედავს ხელისუფლების მხრიდან მზაობას, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მიზნით რეალური სამუშაო განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, ვერძეული სამუშაო ჯგუფში ყოფნის მიზანს ვერ ხედავს.
„იმ პროცესში, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ იმის გარანტიას, ნებას, მზაობას, რომ ვიმუშაოთ რეალურად იმისთვის, რაც სჭირდება ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მართლმსაჯულებას, ამ პროცესში ჩვენი მონაწილეობის მნიშვნელობას, მე, პირადად, ვერ ვხედავ,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.
მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, ირაკლი კობახიძის საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ მმართველ პარტიას და მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს მოსწონს. ამის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მათ ბოიკოტს სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებიც შეუერთდებიან.