ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირებულ მხარეებს - გეგა გეგეშიძესა და ზურაბ დათუნაშვილს, შორის შეთანხმება ვერ შედგა.
შეხვედრის დროს გეგა გეგეშიძემ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა, თუმცა, ევროპის ჩემპიონი კვლავ მის გადადგომას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ქვეყნის სახლით ასპარეზობას აანონსებს.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გეგეშიძემ კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში და აღნიშნა, რომ კონფლიქტს გვერდზე გადადებს.
„კიდევ მოვუხდი ბოდიშს, არა მარტო დათუნაშვილს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, გულშემატკივარს ჩემი საქციელისთვის და არა მარტო ჩემი საქციელისთვის, მაგრამ ზოგადად, ჭიდაობის თემაზე უნდა იმსჯელონ მოჭიდავეებმა და არა ჟურნალისტებმა. ჩვენ თუ რამე დავაშავეთ, რამე გავაკეთეთ, ეს მოჭიდავეების საქმეა. მე დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს. მე დათუნაშვილთან პირადული მოხდა, თუ რა მოხდა, ამას მე გვერდზე ვდებ. მე, როგორც ხელმძღვანელი, ისე გელაპარაკებით. დათუნაშვილს, როგორც ორგზის ევროპის ჩემპიონს, შანსი ეძლევა, წავიდეს, მაგრამ უკვე მესამე წონით კატეგორიაში გამოდის, მაგრამ იქაც შანსი ეძლევა, წავიდეს, დაამტკიცოს თავის სიძლიერე,“ - ამბობს გეგეშიძე.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის, თქმით, პრეზიდიუმის წევრებმა დათუნაშვილს ვარჯიშის გაგრძელება სთხოვეს, თუმცა, მან უარი განაცხადა.
ხაბელოვის განცხადებით, გეგეშიძის გადადგომასთან დაკავშირებით მსჯელობა შეხვედრაზე არ გამართულა.