პროცენტიანი სესხი საქართველოში ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედებისთანავე აქტუალური გახდა. ბანკები კერძო მევახშეებმა ჩაანაცვლეს. სარეკლამო განცხადებები გვხვდება SMS-ებით, ინტერნეტსა და გაზეთებში. მტკიცებულებები კურიერის ჟურნალისტმა ფარული კამერით გადაიღო.
მევახშე მშრალ ხიდთან ფულის სესხებას მოქალაქეებს წლიურ 48%-ად სთავაზობს. თანხა, მაქსიმუმ, ორი წლის ვადაში უნდა დაიფაროს. მოქალაქე ყოველთვიურად იხდის მხოლოდ პროცენტს, ძირი თანხა კი მან უკან სრულად ორი წლის თავზე უნდა დააბრუნოს. სესხის აღება მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით არის შესაძლებელი.
ფულის გამსესხებლებმა კანონის გვერდის ასავლელად ახალი სქემა შეიმუშავეს. იმის გამო, რომ ერთადერთი საცხოვრებლის იპოთეკით დატვირთვა აიკრძალა, ისინი მოქალაქისგან ქონების სრულად გადაფორმებას ითხოვენ და მას მხოლოდ გამოსყიდვის უფლებას უტოვებენ.
ჟურნალისტური ექსპერიმენტის დროს კურიერის გადამღები ჯგუფი ფაქტების გადასამოწმებლად ფულის რამდენიმე გამსესხებელს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ ისინი ძალიან ფრთხილობენ, ნაწილმა რუსთავი2-ის ტელეფონის ნომრის დაფიქსირებისთანავე მის საქმიანობაზე საუბარი არ ისურვა.
მას შემდეგ, რაც განვადებით ტექნიკის გაყიდვა შეიზღუდა, თბილისში ტექნიკის გაქირავების სერვისი გამოჩნდა. სქემა ასე მუშაობს - მოქალაქე კომპანიისგან ქირაობს მაცივარს და ორი წლის თავზე გამქირავებელი მას ნივთს სიმბოლურ ფასად ჩუქნის. ჯამში ეს იგივეა, რაც განვადება, უბრალოდ მომხმარებელს ორმაგის გადახდა უწევს.
არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საბანკო რეგულაციების ამოქმედებასთან დაკავშირებით არ იმუშავა და პროცესებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვალა. მათი შეფასებით, მოსახლეობა უფრო მეტად ზარალდება, ვიდრე შეზღუდვების ამოქმედებამდე.
ახალმა საბანკო რეგულაციებმა პრობლემა კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ტექნიკის მაღაზიებსა თუ სამშენებლო კომპანიებსაც შეუქმნა. ქვეყანაში შემცირდა გაყიდვები, მოსახლეობას გაეზარდა პროცენტები.