საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვერც სახელმწიფოს ნაწილად გრძნობენ თავს, ერთმანეთთანაც უჭირთ საერთო ენის გამონახვა და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთანაც. ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების უმეტესობა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ქართულად საერთოდ არ ლაპარაკობს - ამიტომ არ აქვთ ურთიერთობა ქართველებთან და აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტიდან გამომდინარე, მტრულად უყურებენ ერთმანეთსაც.
შეერთებული შტატების საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის სრული დაფინანსებით ჯიპას მედია სკოლის ტრენერები ასეთ ახალგაზრდებს ჟურნალისტიკას და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლიან.
შედეგად, აზერბაიჯანელები და სომხებიც დამეგობრდნენ და მათ ქართულადაც დაიწყეს საუბარი. თანაც იმდენად კარგად, რომ ზოგიერთი მათგანი ჯიპაში აპირებს სწავლის გაგრძელებას - ჯიპაში, რომელიც, თავის მხრივ, აგრეთვე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტია.
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მოწყობილი მულტიმედიური ლაბორატორიები კი ადგილზე დარჩება და ტრენინგების დასრულების შემდეგაც მათი ინვენტარით ნებისმიერი მსურველი შეძლებს სარგებლობას.