იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამარლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოს რეფორმირების ჯგუფის მუშაობას სკეპტიკურად უყურებს.
ჯანეზაშვილი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ახალი წესი, რომელიც სამუშაო ჯგუფში პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა, არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და მისი მიზანი მხოლოდ კლანური მმართველობის შეფუთვაა.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ნაზი ჯანეზაშვილი სამუშაო ჯგუფის დატოვებას ჯერ არ აპირებს.
„ის ბოლო ვერსია, რომელიც შემოგვთავაზეს სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე, ვერ უზრუნველყოფს ღირსეული კადრების შედინებას სასამართლო სისტემაში გარედან, რადგან ისეთი კრიტერიუმებია შემოთავაზებული, რომ პირიქით, კეტავს, ასე ვთქვათ, სისტემას და ავიწროებს მოსამართლეთა წრეს, რომელიც შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა,“- აცხადებს ჯანეზაშვილი.