19 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
2020 წელს "ოცნება," როგორც ერთიანი მონოლითური ძალა, აუცილებლად წარდგება ჩვენი ამომრჩევლის წინაშე - მათიკაშვილი

ეკა ბესელიას მიერ ფრაქციის შექმნის დაანონსებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ეხმაურება.

დავით მათიკაშვილის თქმით, ეკა ბესელიას შეუძლია ისე იმოქმედოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს მმართველი გუნდის შემადგენლობა უცვლელი იქნება.

„ქალბატონი ეკა ბესელია და რამდენიმე მისი თანამოაზრე ემიჯნებიან უმრავლესობას და ქმნიან ახალ პოლიტიკურ ძალას. პარტია "ქართულმა ოცნებამ," მისმა პოლიტსაბჭომ დააფიქსირა კონკრეტული პოზიცია საკითხთან მიმართებაში, თუკი არ ხდება ამ პოზიციასთან თანხვედრა გუნდის წევრების, რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საზოგადოებამ ამის შესახებ იცის. რა იქნება 2020 წელს, ამაზე ნამდვილად ვერ გესაუბრებით. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება დღეს. რაც შეეხება 2020 წელს, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ "ქართული ოცნება," როგორც ერთიანი მონოლითური ძალა, აუცილებლად წარდგება ჩვენი ამომრჩევლის წინაშე,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ფრაქციის შექმნა ეკა ბესელიამ დღეს დააანონსა. მისი თქმით, ფრაქციის შექმნის მიზნით კონსულტაციებს იწყებს.

საპარლამენტო უმრავლესობა 4-მა დეპუტატმა დატოვა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. წასვლას აანონსებენ ასევე გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ისინი წასვლის მიზეზად სხვადასხვა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ.

დაპირისპირების მიზეზი გახდა ასევე ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას მოითხოვდა. ბექა ნაცვლიშვილმა კი უმრავლესობა საპენსიო რეფორმის ჩავარდნის გამო პარასკევს დატოვა.

დღის ამბები