იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თამაზ ახობაძე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი პარტია ევროპულ საქართველოში გაიმართა.
თამაზ ახობაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან თეა წულუკიანმა უკანონოდ და პირადი მოსაზრებებით გაათავისუფლა და ახლა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახობაძე შიმშილობის დაწყებას აპირებს.
„ორჯერ მოვიგე სასამართლო სამივე ინსტანციით, აღდგენა და განაცდური, თუმცა, იუსტიციის სამინისტრო თავს არიდებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. ხვალ 2 საათზე მივდივარ მე იუსტიციის სამინისტროში. ჩემი მოთხოვნა არის, შევხვდე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც არის კურატორი დანაშაულის პრევენციის ცენტრის და მისგან გავიგო პასუხი, რატომ არ ასრულებს იუსტიციის სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილებას და რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ ისინი სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. თუ ხვალ მინისტრის მოადგილე არ შემხვდა, ან მისგან ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი, რას აპირებს იუსტიციის სამინისტრო, ხვალვე იუსტიციის სამინისტროს წინ ვიწყებ შიმშილობას,“ - განაცხადა თამაზ ახობაძემ.
ელენე ხოშტარიას თქმით, თამაზ ახობაძე ცდილობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულოს.
„წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ვუყურებდეთ, მოქალაქე როგორ მიდის ასეთ რადიკალურ ზომაზე ელემენტარული რამისთვის - კანონით, კონსტიტუციით, სასამართლოთი დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის. ეს ადამიანი ცდილობს ერთადერთ რამეს, რომ იუსტიციის სამინისტრომ, სამინისტრომ, რომელსაც ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს, რა არის კანონი, სასამართლო და სასამართლო გადაწყვეტილება, უბრალოდ აღასრულოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.