ხორავას ქუჩის საქმეს და ზაზა სარალიძის მოთხოვნას, რომ მისი შვილის მკვლელები დაისაჯონ, პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია, არჩევანის ეთერში ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, პროკურორ ფხაკაძეს არ დაიცავს.
ბესელია ამბობს, რომ პოლიტიკოსს არ უნდა მოსთხოვონ, თუ რატომ იმოქმედა კონკრეტულმა პროკურორმა არასათანადოდ. დეპუტატი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არ უნდა დაეწერა და არ უნდა მიეცა მითითება, ვინ უნდა დაიჭირონ.
„ახლა ხომ სააპელაციო სასამართლოშია საქმე, ძალიან საინტერესოა, რა მოხდება ახლა,“ - ამბობს ბესელია.
ბესელია სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და აინტერესებს, დაადგენს თუ არა მეორე ინსტანცია დავით სარალიძის მკვლელს.
მისი თქმით, პარლამენტს არa აქვს უფლება, რომ სახლი და გვარი მიუთითოს, თუ ვინ უნდა დააკავოს, სწორედ ამიტომ, ბესელია ამბობს, რომ არ დაუჭირა მხარი ევროპული საქართველოს დასკვნას. მისი შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის დასკვნა არაკონსტიტუციური იყო.
„კრიტიკულად შეფასდა და მთავარი პროკურორი გადადგა ამ საქმის გამო. ახლა სააპელაციო სასამართლო ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის იმ განაჩენზე. ის განაჩენი სწორი იყო, რაც პირველი ინსტანციის მოსამართლემ გამოიტანა, რომელიც სხვათა შორის, უვადოდ დაინიშნა ახლა, თუ არა. იმ რვა მოსამართლეს შორის იყო, რომელიც უვადოდ დაინიშნა, ეს არის ძალიან საინტერესო,“ - ამბობს ბესელია.
ბესელია მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ავთენტურობასთან დაკავშირებით გაუჩნდათ კითხვები.
მისივე თქმით, საუბრის ერთ-ერთ მონაწილესთან, ვიქტორ ჯაფარიძესთანაც, ჰქონდა კომუნიკაცია, რათა დაეზუსტებინა, იყო თუ არა ჩანაწერი რეალური.
ეკა ბესელია მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ ოჯახმა მკაფიო პასუხი უნდა მიიღოს. ბესელია თავს იკავებს დეტალებზე საუბრისგან, თუმცა, აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებებმა კითხვებზე პასუხი უნდა გასცენ.