„საკმარისზე მაღალია პოლიტიკური დოზა ამ პროცესებში“ - ეს განცხადება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ანაკლიის პორტის შესახებ გააკეთა.
დანელიას თქმით, დიდი პოლიტიკური ჩართულობა ბიზნესისთვის მომგებიანი არ არის.
„საკმარისზე მაღალია პოლიტიკური დოზა ამ პროცესებში და ვფიქრობ, რომ ზოგადად, მაღალი პოლიტიკური დოზა ბიზნესისთვის კარგი არ არის, როგორც წესი. მათ შორის, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ თუ კონკრეტულად რომელიმე ინვესტორთან ვერ შედგა თავის დროზე მოლაპარაკება, ახლა ამ სარჩულით, რომ პოლიტიკურად ზედოზირებული ჩართვებია, ამ მიზეზით გამართლდეს ის, რომ რომელიღაცა ინვესტორი უარს ამბობს. ამიტომ, ორი მხარე აქვს,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.
TBC ჯგუფზე დაწყებული შეტევის გამო, შესაძლოა, საუკუნის პროექტიც შეჩერდეს. ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება. ფულის გათეთრების საკითხზე TBC-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებების გამო იმ ინვესტორებმა, რომლებსაც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსება უკვე თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, ინვესტიციების ჩადებაზე შესაძლოა უარი თქვან.