19 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ეკა ბესელიას კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორი გაუწევს

მოსამართლეების შერჩევის ახალი კრიტერიუმები ეკა ბესელიამ დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

უმრავლესობის ყოფილი წევრი საკუთარ ინიციატივას ირაკლი კობახიძის კანონპროექტს დაუპირისპირებს, რომლის წარდგენას, პარლამენტის თავმჯდომარე, საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.

ინიციატივას ეკა ბესელია, გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოამზადებს.

„იქნება კანონპროექტი, რომლის ინიცირებას აპირებს ირაკლი კობახიძე და ეს პროექტი ჯერ არ არის, არ გვინახავს ჩვენ ეს საბოლოო სახით, მაგრამ არის მცდელობა, რომ იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის ლობირებით მოხდეს ისევ კანონპროექტის ინიცირება, რასაც ჩვენ ვხედავთ ღიად. ის პროექტი, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ იქნება მხარდაჭერილი აბსოლუტურად ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის თუ ადგილობრივი ამ თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და ვნახოთ რა იქნება ერთმანეთის პირისპირ, იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის სურვილი თუ საზოგადოების უმრავლესობის სურვილი და ნება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს.

გიორგი მშვენიერაძე საუბრობს კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით კონკურსში მონაწილეობის საშუალებაზე და აცხადებს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა, რომ საბჭოს წევრებს აეკრძალოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა იმ შემთხვევაში თუ თავად არიან მოსამართლეობის კანდიდატები.

„არის რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი და ვფიქრობთ, რომ ამ საკითხების ირგვლივ უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია. კერძოდ ვის აქვს კონკურსში მონაწილეობის საშუალება ინტერესთა კონფლიქტის საკითხთან, რომ საბჭოს წევრებს არ მიეცეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა თუ კი თავად არიან მოსამართლეობის კანდიდატები, ეს არის დაკავშირებული საკითხი როგორ მოახდენს გადაწყვეტილების მიღებას თავად საბჭო იქნება თუ არა 2/3 - 2/3-ის პრინციპი, ანუ მოსამართლე და არა მოსამართლე წევრების 2/3 და მეოთხე საკითხი ეს არის როგორ განიხილავს საკითხს საქართველოს პარლამენტი, იქნება თუ არა ღია, გახსნილი პროცესი და დეტალური პროცესი. ამათზე ვისთანაც მივაღწევთ შეთანხმებას და თუ მეტი მივაღწევთ შეთანხმებას - არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ეკა გიგაურიც. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიას ფარსს უწოდებს. ეკა გიგაურის განცხადებით, მოსამართლეთა კლანის სურვილი კობახიძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტის დამტკიცებაში მდგომარეობს და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოხდეს ძალების კონსოლიდაცია.

„ქალბატონი ეკა ბესელიას კანონპროექტი უფრო ახლოს იყო იმ მოსაზრებებთან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია არასამთავრობო სექტორს. ჩვენ მივიღეთ მზაობა მისგან, რომ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და უმეტესწილად ჩვენი მოსაზრებები იქნება ამ კანონპროექტში გათვალისწინებული. ცხადია ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ორგანიზებულ ამ ფარსში, სადაც მან წარმოადგინა მოსამართლეთა კლანის კანონპროექტი და მოსამართლეთა კლანის სურვილი არის ზუსტად, რომ მისი კანონპროექტი იქნას მიღებული, ამიტომ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ალტერნატიულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოხდეს ძალების კონსოლიდაცია,“ - აცხადებს ეკა გიგაური.

დღის ამბები