TBC ბანკისა და მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებული მოვლენები და ანაკლიის პორტის პროექტი - მმართველ გუნდში, არ მიიჩნევენ, რომ ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესები ინვესტორების მხრიდან პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი გახდება.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამბობს, რომ TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესები არ არის სასიამოვნო, თუმცა იგი არ თვლის, რომ ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებაზე უარს იტყვიან.
კაკულია მიიჩნევს, რომ ინვესტორები ყველა დეტალში გაერკვევიან, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება.
„tbc-ის თემა არ არის დადებითი ფაქტორი, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომლის გამოც შეიძლება ინვესტორს გადაწყვეტილი ჰქონდა გუშინ ეს ამბავი, მაგრამ მიიღო გადაწყვეტილება უარყოფითი. ისინი, ყოველ შემთხვევაში, ჩაიხედავენ ყველა იმ დეტალში, რომელიც ამ საქმესთან არის დაკავშირებული. შეიძლება ეს იყოს პაუზა, რომელიც დაელოდება გარკვეული სიტუაციის ბოლომდე გარკვევას. მეც ასე მოვიქცეოდი და თქვენც. უფრო მნიშვნელოვანი არის ის საერთაშორისო გრძელვადიანი სტაბილურობის განცდის არსებობა ქვეყნის მიმართ, თორემ ტერიტორია რომ საინტერესოა და აქ რომ საინტერესო პროექტები შეიძლება გაკეთდეს, მაგას რად უნდა ლაპარაკი,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
შეგახსნებთ, რომ TBC ჯგუფზე დაწყებული შეტევის გამო, შესაძლოა, საუკუნის პროექტიც შეჩერდეს. ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება. ფულის გათეთრების საკითხზე TBC-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებების გამო იმ ინვესტორებს, რომლებსაც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსება უკვე თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, ინვესტიციების ჩადებაზე შესაძლოა უარი თქვან.