სახიფათო გზავნილი და მუქარა კრემლიდან, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება და თავდაცვის სამინისტრო ახმოვანებენ. გრიგორი კარასინი ქართულ მხარეს არასასიამოვნო მოულოდნელობებს უწინასწარმეტყველებს.
განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, თუმცა კარასინი არ აკონკრეტებს, რა არასასიამოვნო მოულოდნელობას უმზადებს რუსეთი საქართველოს.
„ძალიან ფართო დღის წესრიგი გვაქვს. განვიხილავთ, რა გამოგვდის და გამოგვდის ბევრი რამ. ვისაუბრებთ სირთულეებზეც, რომლებიც, კვლავინდებურად, პოლიტიკურ სფეროს უკავშირდება. ძალიან ბევრი გზავნილი მაქვს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი დადიან იქამდე, რაც ვთქვი. უნდა ვისწრაფოთ, რომ განვავითაროთ ურთიერთობა ყველა სფეროში და გავაფრთხილოთ ჩვენი ქართველი პარტნიორები არასასიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, რადგან ეს არასასიამოვნო მოულოდნელობები არასასიამოვნო იქნება ორივესთვის,“- აცხადებს კარასინი.
მუქარის განცხადება დღეს რუსეთის თავდაცვის უწყებაშიც გაკეთდა. სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე სერგეი შოიგუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი იძულებულია, საპასუხო ზომები მიიღოს. შოიგუს თქმითვე, მოსკოვი გააძლიერებს სამხედრო დანაყოფებს ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში.