„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, თუმცა სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ იქნება. კობა გვენეტაძეს კომიტეტზე დასწრების სურვილი არ გამოუთქვამს, ის არც კომიტეტს მიუწვევია. შესაბამისად, დაპირისპირებულ მხარეებს არც ამჯერად მოუწევთ ერთმანეთის პირისპირ საკუთარ არგუმენტებზე საუბარი.
ოპოზიციას კითხვები მმართველ გუნდსა და „თიბისი“ ბანკს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ექნებათ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება ბანკზე ზეწოლას ახორციელებს.
„ქონდათ თუ არა რაიმე კულვარული მოლაპარაკება ამ ხელისუფლებასთან და რას უკავშირებენ ფაქტობრივად გაძევებას საკუთარი ბანკიდან. ბევრი რამ ილაპარაკეს მათ გახსნილად და ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტად გავერკვევით შექმნილ ვითარებაში. ჩვენ ამას ვაფასებთ პირდაპირ ზეწოლად ბიზნესზე და ეს სერიოზული პოლიტიკური საკითხია, ვინაიდან ეხება ანაკლიის პორტს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.
საქმის პოლიტიკურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველოც“.
„რა დანაშაულზე მიდის ლაპარაკი ახლა იწყებენ ამის გარკვევას, მაშინ როდესაც ადამიანებს, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს უკვე დასდეს ბრალი ფულის გათეთრებაში. ეს ფაქტი ცალსახად მიუთითებს საკითხის პოლიტიკურ ხასიათზე და ის რომ ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი და პროკურატურა ერთობლივად მოქმედებენ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ბრალდებებს უარყოფენ მმართველ გუნდში და ოპონენტებს პოლიტიკური შოუს მოწყობაში ადანაშაულებენ.
„ეს არის ჩვეულებრივი ქეისი და ამის პოლიტიზირებას არ აქვს არანაირი საფუძველი, რადგან თვითონ „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის ის პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ბიზნესზე. მოვუწოდებ ოპოზიციას არ დადგას მორიგი დადგან მორიგი სპექტაკლი,“-ამბობს ირაკლი მეზურნიშვილი.
“თიბისი ბანკის" საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო. ამავე დროს “თიბისიმ“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის გადახდას დათანხმდა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო დავას ინდივიდუალურად განაგრძობენ.