19 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ივანიშვილთან აუდიენცია კარასინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე - ზურაბ აბაშიძეს კანონმდებლების კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა 

კანონმდებლები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დახურულ სხდომაზე, მთავარი განსახილველი საკითხი, პრაღაში, აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრა იქნება.

დეპუტატებს ზურაბ აბაშიძესთან არაერთი კითხვა აქვთ - მათ შორის რა ეტაპზეა 2011 წელს გაფორმებული საბაჟო ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს შორის და მისი პოზიცია კარასინის ბოლო მუქარაზე.

„ის ემსახურება პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არ ექვემდებარება პრემიერს, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები, რომ რეალურად პროცესებს მართავს ბიძინა ივანიშვილი და ის ამას აკეთებს საკუთარი ინტერესებიდან და არა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.

კანონმდებლებს ასევე აინტერესებთ, თუ რა სტატუსით შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ზურაბ აბაშიძეს პრაღის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.

„ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა თანამდებობა უჭირავს, რომ ასეთ მოლაპარაკებებში ერევა, მით უმეტეს, რომ ამ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები არ ესწრებიან,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი.

თავად ზურაბ აბაშიძე კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ინიციატივით შეხვდა და აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„მე ვფიქრობ, რომ მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამის შესახებ, ისევე როგორც პარლამენტარებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მიმდინარე დიალოგზე,“-აცხადებს აბაშიძე.

დღის ამბები