19 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
TBC ბანკის საქმე და შს მინისტრის მუქარა - "ევროპული საქართველო" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს 

TBC ბანკის საქმე და დამფუძნებლების სკანდალური განცხადებები. „ევროპული საქართველო“  განვითარებული მოვლენების შესწავლის მიზნით,  პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარტიის წევრები კომისიის შესაქმნელად საჭირო ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ.

მამუკა ხაზარაძემ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს საგამოძიებო კომისიასთან და გაასაჯაროოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მისთვის მიწერილი მუქარის წერილი.

„ეს არის მაღალი ინტერესის მქონე საქმე, რომელზეც პარლამენტი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება და ვალდებულია შექმნას საგამოძიებო კომისია. მით უმეტეს, რომ ბატონმა ხაზარაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ის მზად იქნება ყველა დოკუმენტაცია წარუდგინოს კომისიას. ამიტომ ჩვენ დღეს ოფიციალურად უკვე ამ ინიციატივას დავაყენებთ, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმ დეპუტატებში, რომელიც თანახმა იქნება, რომ ასეთი კომისია შეიქმნას,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას ეხმაურებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიაში ფიქრობენ, რომ შექმნილ ვითარებაში ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, კომისიის შექმნა კი უფრო გააჭიანურებს პროცესებს.

„საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას, მაგრამ როგორც ჩვენ ეს გვინახავს სხვა შემთხვევებშიც, ამას არანაირი შედეგი არ მოყვეს. იმიტომ, რომ უმრავლესობას და ხელისუფლებას არ აქვს არანაირი პოლიტიკური ნება რეაგირება გააკეთოს მსგავსი საგამოძიებო კომისიის მიერ დადებულ შედეგებზე,“-ამბობს სალომე სამადაშვილი.

კომისიის შექმნის იდეას არ იზიარებენ საპარალამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში,  TBC ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

„ნებისმიერ განცხადებაზე, რომელთან დაკავშირებით პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ, დეტალიზაციისგან თავს იკავებენ, კონკრეტული შინაარსისგან თავს იკავებენ, კომისიები შევქმენით, საქართველოს პარლამენტი ვერ აუვა ამას. რა ფორმა ჰქონდა ამ წერილს, ამის გახმოვანებისგან თავს იკავებს. ვიდრე ცოტა მეტი დეტალი არ გვეცოდინება, არასერიოზული ხდება ამ თემაზე საუბარი,“-ამბობს პარლამენტის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები