საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატები „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის იმ სკანდალურ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მან გიორგი გახარია მუქარაში დაადანაშაულა.
ეკა ბესელიას თქმით, ხაზარაძის ბრალდებები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. დეპუტატი ოპოზიციის მოთხოვნასაც ეხმაურება. საუბარია "თიბისი" ბანკის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. ეკა ბესელია ამბობს, რომ კომისიის შექმნას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ პროკურატურა საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს არ გასცემს.
"საჭიროა, დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. თუ დაწყებულია პროკურატურაში გამოძიება, პროკურატურამ უნდა გვითხრას ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დაინტერესდა თუ არა, თუ არ დაინტერესდა, დაინტერესდეს და ბატონ ხაზარაძესაც მინდა, მივმართო, რომ მან უნდა წარადგინოს ეს დოკუმენტი, თუ ამისთვის საჭიროა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას და საგამოძიებო ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, ჩვენ ვიფიქრებთ ასეთი კომისიის მხარდაჭერის თაობაზე,“- განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატი ამბობს, რომ "თიბისი" ბანკის ირგვლივ იკვეთება სერიოზული კითხვის ნიშნები, რომელიც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
"ასეთ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მიმაჩნია, რომ არის უსერიოზულესი კითხვები, გუშინდელმა განხილვამ აჩვენა, რომ არის სერიოზული კითხვები. ამ კითხვებს უნდა ძალიან სერიოზული პასუხი, ასე მიჩუმათება და გაუბრალოება, რომ მერე რა მოხდა, რომ ამდენი წელი გავიდა, არ არის ასე პასუხი საკმარისი. როცა რაღაც მოვლენებს ემთხვევა ასეთი ეპიზოდების გააქტიურება, ეს აჩენს უსამართლობის განცდას,“- აღნიშნა ბესელიამ.
კითხვებზე პასუხების დროულად გაცემას მოითხოვს საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული კიდევ ერთი დეპუტატი. ლევან გოგიჩაიშვილი შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ეს ამბავი ასე არ დამთავრდება. მე ვფიქრობ, რომ გახარიაც უნდა მოვიდეს და შალვაც უნდა მოვიდეს. კითხვები არის დაგროვილი, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს,“ - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სკანდალური განცხადებები "თიბისი" ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გუშინ გააკეთა. ხაზარაძის თქმით, არჩევნების მეორე ტურის წინ მას გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა.
ხაზარაძის განცხადებით, გახარია მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით ემუქრებოდა.
ხაზარაძე ამბობს, რომ არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.