სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ხვალ კანონმდებლების წინაშე ანგარიშით წარდგება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტს უცხადებენ. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა მედიასთან განაცხადა.
სამადაშვილმა ბოიკოტის ერთ-ერთ მიზეზად ეუთოს დასკვნა დაასახელა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული პრეზიდენტის გამოსვლის მოსმენას არ აპირებენ.
ეუთომ საპრეზიდენტო არჩვნებთან დაკავშირებით მწვავე დასკვნა გამოაქვეყნა.
ტერმინი „ხმების ყიდვა“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში საქართველოს არჩევნების შეფასებისას პირველად გაჩნდა. ეუთო მიუთითებს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ პარლამენტში მივა. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა.