19 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
ნაყიდი პრეზიდენტობა სალომე ზურაბიშვილისთვის - ეუთო საპრეზიდენტო არჩევნებზე მწვავე დასკვნას აქვეყნებს

ნაყიდი პრეზიდენტობა სალომე ზურაბიშვილისთვის - ასეთია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის უმძიმესი დასკვნა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ტერმინი „ხმების ყიდვა“ ეუთო-ს დასკვნაში საქართველოს არჩევნების შეფასებისას პირველად გაჩნდა. შემაჯამებელი მოხსენების 27-ე გვერდზე წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის ვალების ჩამოწერის პროგრამას ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, "აკრძალული მეთოდებით ბრძოლას" უწოდებს. ეუთო მიუთითებს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის დანაშულის ჩადენას.

ტერმინი „ხმების ყიდვა“ ოპოზიციის აზრით მძიმე პოლიტიკური განაჩენია, რომელიც ეუთო-მ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გამოუტანა. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ფიქრობს, რომ დასკვნა ნებისმიერ დემოკრატიული ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშნვის საფუძველი გახდებოდა.

ქართველი დამკვირვებლები, რომლებიც არჩევნებს თითქმის 3000-ივე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ ამბობენ, რომ დასკვნით ეუთო-მ საქართველოს ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენა.

ხელისუფლება არც ოპოზიციას და არც ეუთო-ს დასკვნის კრიტიკულ ნაწილს ეთანხმება. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დოკუმენტში მთავარია ის ნაწილი, სადაც არჩევნები პოზიტიურ კონტექსტშია მოხსენიებული. იმას, რომ ხელისუფლება ხმები იყიდა და ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, „ოცნება“ არ ეთანხმება.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს დასკვნა 42 გვერდს მოიცავს და საბოლოოა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ორგანიზაციის 400 წარმომადგენელი აკვირდებოდა.

დღის ამბები