მაგალითი თუ როგორც ცდილობს ხელისფულება ტელევიზიების გაკონტროლებას და მიტაცებას - სკანდალურ წერილთან დაკავშირებით საუბრობენ პოლიტიკოსებიც. ოპოზიციაში ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ამ ფაქტს საერთშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს. მედიაზე შეტევას კატეგორიულად გამორიცხავს ქართული ოცნება და შანტაჟზე საუბრობს. მამუკა ხაზარაძისთვის სავარაუდოდ, გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი მუქარის წერილში სამი პუნქტია ჩამოთვლილი, რომელიც უპირობოდ უნდა შერსულებულიყო - აქედან ორი მათგანი მედიას ეხება.
"თვითონ ამ ფინანსურ მაქინაციაში მონაწილე სხვადასხვა ადამიანების სურვილიც, არანაკლებ ვიდრე ხაზარაძის სურვილიც არის ის, რომ ამ მედიასაშუალებების გაკონტროლების თემაც წამოიწიოს და თანაც ტელევიზია იმედიც შემოჰყავთ ამ სკანდალურ შანტაჟში რათა დაადანაშაულონ ირიბად თუ პირდაპირ თითქოსდა ტელეიმედი არის სახელისუფლებო გავლენის ქვეშ. არის მრავალმხრივი მრავალ მიზნისკენ მიმართული წმინდა წყლის შანტაჟი,"-აცხადებს გია ვოლსკი.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე "რუსთავი 2"-ის მაგალითს იხსენებს და ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან "TV პირველზე" პირველზე შეტევა პირველად არ ხდება.
"ნიშანდობლივია რომ "TV პირველზე" საუბარი მანამდეც იყო საკმაოდ ცუდ კონტექსტში, ხელისუფლება ცდილობდა ზეწოლას დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე და ამაზე ჟურნალისტებმა ხმამაღლა დაიწყეს მაშინ საუბარი. ეს არის მეორე რაუნდი, ამ წერილშიც ამაზეა საუბარი და ამასთან უკვე დამოუკიდებელ ტელევიზიაზეც გარკვეული ძალიან სახიფათო მინიშნებები კეთდება. ჩვენ "რუსთავი 2"-ის საქმე გვაქვს მაგალითად"-აცხადებს ოთარ კახიძე.
"რუსთავი 2" მოჰყავს მაგალითად "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ზაალ უდუმაშვილსაც და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესიც და თავისუფალი მედიაც შეტევის ქვეშაა.
"დღეს ოფიციალურად დადასტურდა რომ შეტევის ქვეშ არამხოლოდ თიბისი და თავისუფალი ბიზნესი აღმოჩნდა, არამედ ძლიერი შეტევის ქვეშ არის კვლავ თავისუფალი მედია ამ შემთხვევაში "TV პირველის" სახით. კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ივანიშვილის მთავარი მზიანი დრეს ხელისუფლებაში არის ძალაუფლების სრული მონოპოლიზაცია,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.