„ამ ხელისუფლებას ის მოუღებს ბოლოს ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელიან, ეს არის ბიზნესი“- ასე ეხმაურება ოპოზიცია, კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებლის სკანდალურ განცხადებას, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით.
ენმ-ს წევრი რომან გოცირიძის თქმით, ბიზნესი არის შეურაცხყოფილი იმ ქმედებებით რასაც ხელისუფება მის წინააღმდეგ ახორციელებს. მისივე განცხადებით, დღეს როგორც ბიზნესმენები ასევე რიგითი მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან დაცულები არ არიან.
„დღეს არის ბიზნესი შეურაცხყოფილი. შეეხნენ ორ მთავარ მათ საფუძველს ეს არის შემოსავლები და ეს არის ღირსება. უპრეცედენტო რამ მოხდა საქართველოს ისტორიაში ბოლო ორ არჩევნებში. თვითმმართველობის არჩევნებში და საპრეზიდენტო არჩევნებში, იურიდიულმა პირებმა ლეგალურად არც ერთ ოპოზიციას, არც ერთი თეთრი არ გადაურიცხა. „ფრესკოს" დირექტორი არის გმირი. მაგრამ მან რაც თქვა ეს არის უაღრესად საგანგაშო რამ. როგორ, ველური დასავლეთის კანონებით ვიმოქმედოთო, რომ ყველა ბიზნესმა მაუზერი დაიჭიროს, შაშხანა და საკუთარი ბიზნესი დაიცვასო?! როგორ ვებრძოლო სახელმწიფოს როდესაც სახელმწიფომ უნდა დამიცვას მე კრიმინალებისა თუ უსამართლობისგან,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით "ფრესკოს" დამფუძნებლის განცხადებას, "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც ეხმაურებიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ზეწოლამ რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე მიმდინარეობს უკვე იქონია გავლენა ეკონომიკაზე. მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მყოფი ბიზნესმენები ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო წნეხს განიცდიან, ზედმეტია ინვესტიციების შემოდინებაზე საუბარი.
„ბიზნესმენები განცხადება არის ბრძოლა გადარჩენისთვის. და მათთვის ეს მტრული გარემო შექმნა ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად მიტაცებამ. ჩვენ ვუყურებთ პოლიტიზირებულ სამართალდამცავ სისტემას და პროკურატურას. სრულ მორჩილებაში მყოფ სასამართლოს. მარიონეტად ქცეულ ეროვნულ ბანკს. და შედეგიც სახეზეა. სავალუტო ფონდმა წლის დასაწყისშივე შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის. ასეთ გარემოში საქართველოში მყოფი ბიზნესმენებისთვისაც კი თავის გადარჩენა და ბიზნესის წარმოება ხდება შეუძლებელი, სრულიად ზედმეტია საუბარი ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ , მის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ დევნაზე, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისაუბრა. მორიგი ვრცელი განცხადება კი სოფრომაძემ გუშინ გააკეთა. მან ხელისუფლება ვიდეო მიმართვაში, ბიზნესის რეკეტში დაადანაშაულა.