"თიბისი ბანკზე" მიტანილ კიბერიერიშთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.
მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ მან არ იცის ამ საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები.
„გავიგე თქვენი სიუჟეტიდან. "რუსთავი 2"-ის მიერ გაკეთებული სიუჟეტი იყო შოუ, ჩემი წარმოდგენით, ეს შთაბეჭდილება დამრჩა და კიდევ სხვა სიუჟეტები. თუმცა, საგამოძიებო ორგანოს გააჩნია კომპეტენცია განახორციელოს შეფასებები და იმსჯელოს საგამოძიებო ქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, ეს არის მათი კომპეტენცია, კანონმდებელი პროკურატურის როლს ვერ შეითავსებენ,“ - ამბობს ოხანაშვილი.
თიბისი ბანკზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე განცხადება მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ბანკზე ორკესტრირებული შეტევა მათ შორის კიბერთავდასხმითაც განხორციელდა, რის შესახებაც საგამოძიებო უწყება საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე წინ არ წასულა.
ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა კი შეტევის განეიტრალება მოახერხა და დაადგინა ის IP მისამართები, საიდანაც შეტევა დაიწყო.
ე.წ. ტროლების ფაბრიკა, „კურიერის“ ინფორმაციით, რუსთაველის 12 ნომერში იყო განთავსებული, სადაც ხელისუფლების დაკვეთით ყალბი ახალი ამბები იქმნებოდა.