19 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
"ვერ ვხედავ ამის საჭიროებას" - პარლამენტის თავმჯდომარე სამთავრობო ცვლილებებზე 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით არ ადასტურებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს. 

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს. მედიის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება ეკონომიკის, განათლების და იუსტიციის სამინისტროებს. 

გადადგომა არ გამორიცხა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანმა რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ჯერჯერობით საკითხი მოლაპარაკებების ეტაპზეა. 

"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების ეპიცენტრში პირველად აღმოჩნდა მამუკა ბახტაძე. "კურიერის" ინფორმაცით, თეა წულუკიანსა და მთავრობას შორის ურთიერთობა ციხეების თემაზე დაიძაბა. პენიტენციური სისტემა ახლა თეა წულუკიანის დაქვემდებარებაშია, თუმცა ის მართვის რეალურ სადავეებს არ ფლობს. ვრცელდება ვერსია, რომ ციხეები შესაძლოა ისევ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდეს და პენიტენციური სამსახური აღარ იყო იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

„მე ვერ ვხედავ ამის საჭიროებას, ახალი ჩამოყალიბებულია მთავრობის შემადგენლობა, მე თუ მკითხავთ, ამის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ზოგადად, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. ბევრი სპეკულაცია გვესმის ჩვენ არა მარტო ახლა, წლების განმავლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთი და იგივე მინისტრი მაგალითად, მედიამ ათჯერ მაინც გადააყენა, თუმცა ისინი იკავებენ ჯერჯერობით საკუთარ პოზიციებს. ზოგიერთი გამართლდა, ამაშიც გეთანხმებით, ამიტომ ჯობია დაველოდოთ ჩვენ მოვლენებს, ვნახოთ, რას გვეტყვის მთავრობა,“- აცხადებს კობახიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები