საქართველოს მთავრობის წევრები, თეა წულუკიანის ულტიმატუმის მიუხედავად, გუნდში დაპირისპირებას უარყოფენ. მინისტრების თქმით, გაურკვევლობა უკვე აღმოფხვრილია.
მინისტრები პრემიერის განცხადებას სრულად იზიარებენ და აცხადებენ, რომ მამუკა ბახტაძემ საერთო პოზიცია დააფიქსირა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, როდესაც აღნიშნა, რომ წულუკიანის გარეშე გუნდი ვერ წარმოუდგენია.
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ამბობს, რომ თეა წულუკიანთან ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებს და ასევე განმარტავს, რომ გუნდში დაპირისპირება არ არის.
„თეა არის ძალიან ღირებული წევრი ჩვენი გუნდის, ასე არის, ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავ ამას, როგორც ულტიმატუმს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც გუნდში მიმდინარეობს შიგნით დისკუსიები, ყველას აქვს, რა თქმა უნდა, ყველა თანაბარია ამ გუნდში და მას აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის თავისუფლება და აქედან გამომდინარე, არანაირ ულტიმატუმებზე საუბარი არ ყოფილა და პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად განმარტა ყველა ეს თემა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
იყო თუ არა გუნდში რაიმე სახის დაპირისპირება, ამაზე ინფორმაციას არ ფლობს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.
„ჩემთვის უცნობია რაიმე ფორმის დაპირისპირება და მეტიც, მგონია, რომ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ქალბატონ თეასაც თავად ესაუბროთ და დარწმუნდებით, რომ არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. მგონია, რომ ამ საკითხზე დღესვე იქნა ამომწურავი პასუხი გაცემული პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს საერთო პოზიცია გახლავთ და ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერ დავამატებ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის, თქმით, გუნდში არსებული გაურკვევლობა უკვე ამოწურულია.
„ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით მოსაზრებას გუნდში დაპირისპირების შესახებ. თუ იყო რაღაც აზრთა გაცვლა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმაც უკვე მოგახსენათ, რომ ამჟამად ამოწურულია ეს საკითხი,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
თეა წულუკიანმა განცხადება იმის შესახებ, რომ გადადგომას არ გამორიცხავს, გუშინ გააკეთა. მინისტრის თქმით, თუ მის შეხედულებას გუნდში არ გაიზიარებდნენ, გამორიცხული არ იყო, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. თუმცა, წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხზე ვერ თანხმდებოდა თანაგუნდელებთან.