19 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
სახელმწიფო რეფორმებზე მსჯელობა მინისტრთა კაბინეტის შიგნით ხდება გარჩევების, ულტიმატუმების, ჭორაობის დონეზე - ირაკლი აბესაძე

„სახელმწიფო რეფორმებზე მსჯელობა მინისტრთა კაბინეტის შიგნით ხდება გარჩევების, ულტიმატუმების, ჭორაობის დონეზე,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა, ირაკლი აბესაძემ, თეა წულუკიანის ულტიმატუმის შეფასბისას გააკეთა.

ირაკლი აბესაძის თქმით, ხელისუფლების წევრები ერთმანეთს ულტიმატუმების ენით უსაუბრებიან. დეპუტატმა თეა წულუკიანის ულტიმატუმსა და მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან პარალელი გაავლო.

აბესაძის შეფასებით, ამ ეტაპზე, მოსამართლეების თემისგან განსხვავებით, თეა წულუკიანმა მის მიერ გუნდში დაყენებულ წინადადებაზე დადებითი პასუხი მიიღო და ამის გამო გადაიფიქრა თანამდებობის დატოვება.

„ეს დაახლოებით იგივე პროცესია, რაც სასამართლოსთან მიმართებაში წარიმართა, როდესაც სასამართლო სისტემაზე არაფორმალური გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით დაწყებული დავა საბოლოოდ დამთავრდა გუნდში  განხეთქილებით. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, წულუკიანმა გაიტანა საკუთარი კაპრიზი, რა შეთავაზებაც ჰქონდა. თუმცა, მთლიანად მხილებულია ის მანკიერი მხარე, ივანიშვილის მიერ დადგენილი არაფორმალური მმართველობის, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ და რაც არის მთავარი ფაქტორი სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების შეფერხების,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თეა წულუკიანმა ხელისუფლებას გუშინ ულტიმატუმი წაუყენა  და განაცხადა, რომ, თუ მისი მოთხოვნები სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, მაშინ ის თანამდებობის დატოვებასაც არ გამორიცხავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები