რა ჩაიწერა "გაზპრომთან" გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაში - დეტალები ამ დრომდე კომერციულ საიდუმლოებად რჩება. ოპოზიცია ხელმოწერილი დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ამ თემაზე კითხვების დასმას პარლამენტში დაგეგმილ სამთავრობო საათზე აპირებენ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გუშინ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარამტებულად დასრულებულ შედეგებზე გააკეთა განცხადება. უწყებაში განმარტეს, რომ სატრანზიტო საფასური გაზრდილია, რუსული გაზის შესასყიდი ფასი კი შემცირებული და რომ ახალი ხელშეკრულება ძალაში 2021 წლამდე დარჩება - სხვა დეტალები არ ხმაურდება.
"დღეს გაუგებარია ფინანსურად და სტრატეგიული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ახალი ხელშეკრულების პირობები რას აძლევს და რას აკარგვინებს ჩვენს ხელისუფლებას,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ "გაზპრომის" საკითხი და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მისვლის დროს, რომელზეც ისინი მწვავე კითხვებს დასვამენ.
"მნიშვნელოვანი არის რომ ახალი ხელშეკრულების დეტალები ვიცოდეთ იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" ხელში, ეს არის მუდმივი დათმობები რუსეთის მიმართ,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.