თავდაცვის სფეროს ექსპერტები ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ.
ანალიტიკოსები თავდაცვის სამინისტროს სკანდალზე საუბრობენ, სადაც წვევამდელთა ცემისა და ფულის გამოძალვის ფაქტებმა იმატა და აცხადებენ, რომ განვითარების ნაცვლად უკან, უკვე დავიწყებული "დედოვშინის"დაბრუნება სწორედ უსაფრთხოების სექტორში კრიზისის მაჩვენებელია.
„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა მოშლილია პრაქტიკულად. დიდი ხანია უკვე ეტყობა, რომ ჯარი ქვეყნისთვის პრიორიტეტი არ არის,“-აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გამოსავალი არსებული პრობლემიდან, ალბათ სტრუქტურის სრული წმენდაა.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ უსაფრთხოების სისტემა საბჭოთა ტიპის ძალოვანი სტრუქტურების მოდელს ემსგავსება.
„ასეთი ტიპის პრობლემის არარსებობა თანამედროვე დასავლურ დემოკრატიულ ნატო-ს სტანდარტების ჯარში წარმოუდგენელია. ეს მიანიშნებს, რომ სისტემური პრობლემების შედეგად ისევ ბრუნდება და მიექანება საბჭოთა ტიპის ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ ძალოვან სტრუქტურებში, სადაც ძალადობაზე და ჩაგვრაზე იქნება ურთიერთობა აგებული,“-აცხადებს ქუთელია.