დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა - თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. სწორედ დღევანდელ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ საკრებულოს დეპუტატებმა დოკუმენტი, რომელიც დედაქალაქის განვითარების მომავალს განსაზღვრავს.
ოპოზიცია ირწმუნება, რომ დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული. მათ გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე აღმოაჩინეს, რომ 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკურის ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ოპოზციის მტკიცებით გენ.გეგმის პროექტის მიხედვით, ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანიის სასარგებლოდ კი სტატუსს უცვლიან მზიურის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონას და აქ კორპუსების ჩადგმა იქნება შესაძლებელი.
„ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც აპირებს სავარაუდოდ გაფართოვდეს და ახლა 14 ათას კვადრატულ მეტრზე დამატებით ის ზონა დაიდო, რაც მას უნდოდა. სადაც უნდა ყოფილიყო გამწვანება, არის გაცემული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვა და ეს ნებართვები ძირითადად მიღებული აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპონენტებს, პოპულიზმში ადანაშაულებენ.
„ველოდებით რომ მათი განცხადებები იქნება არა საქმიანი, არამედ პოლიტიკური. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ გენგეგმა ვიღაცის ინტერესებზე არის მორგებული, ესეც რა თქმა უნდა მათ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და არ შეესაბამება სიმართლეს. 14 ათას კვადრატულზე გენგეგმა არ მუშაობს, ამდენი წესით უნდა იცოდნენ, შესაბამისად ეს ბრალდებებიც მგონია, რომ არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი,“-აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი ლევან ჟორჟოლიანი.