19 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
8-საათიანი მსჯელობა საპროცედურო კომიტეტზე - უმრავლესობამ მხარი მხოლოდ კობახიძის კანონპროექტს დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 8 საათში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული სამი კანონპროექტი განიხილა. მმართველმა უმრავლესობამ ყოფილი თანაგუნდელების და „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტები ჩააგდო და მხარი ირაკლი კობახიძის ჯგუფის მიერ მომზადებულ ვარიანტს დაუჭირა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შესარჩევი კრიტერიუმების განხილვა ყოფილ თანაგუნდელებს შორის პოლიტიკური ურთიერთბრალდებების და მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ეკა ბესელიას მხარდამჭერები კობახიძის თანამოაზრეებისგან განმარტებებს ითხოვდა, რატომ მსჯელობენ დაჩქარებული წესით კანონპროექტებზე და რატომ არ ელოდება მმართველი პარტია ვენეციის კომისიის პირველად დასკვნას.

საპარლამენტო უმრავლესობიდან განდგომილი დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ პროცესები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან იმართება და პარლამენტის თავმჯდომარე მოსამართლეთა კლანის დაკვეთას ასრულებს. ეკა ბესელია შაბათს, არასამუშაო დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომის დანიშვნას საპარლამენტო ტრიბუნიდან აპროტესტებდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძის და კანონპროექტის სხვა ინიციატორების პოზიციების მთავარი დამცველი იყო.

პარლამენტში დღეს კოალიცია „გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აქცია-პერფორმანსით მივიდა. მაისურებზე დატანილი იყო წარწერა - "კლანი უნდა წავიდეს." არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ სასამართლო ხელისუფლებას მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი არ ჩამოშორდება, არანაირი კანონის მიღებას აზრი არ აქვს.

კანონპროექტებზე მსჯელობა ხვალ იურიდიული კომიტეტზე გაგრძელდება. მომავალ კვირას დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს კანდიდატების შესარჩევ კრიტერიუმებზე უკვე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

ავტორი: თამთა ჯიქია.

ამავე თემაზე
დღის ამბები