„დეპუტატებს ვთხოვეთ, რომ მოსულიყვნენ და თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინათ,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, გააკეთა.
მდინარაძე დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის, გადაყენებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კენჭისყრას გამოეხმაურა, როდესაც პირველ ჯერზე კვაჭანტირაძე თანამდებობიდან ვერ გადააყენეს, რადგან საკმარისი ხმები ვერ მოაგროვეს. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, სესიაზე ტექნიკური ხარვეზი მოხდა - დეპუტატებს წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.
თუმცა, მამუკა მდინარაძე უარყოფს, რომ დეპუტატებს ღილაკები აერიათ და ამბობს, რომ გუნდმა მობილიზება ვერ შეძლო.
„არანაირი ღილაკი არ არევია არავის, ახლა ნუ გადათარგმით ასე. ღილაკი კი არ აერიათ, იყო გაურკვევლობა, რომ ზოგმა ჩათვალა, რომ არ იყო საჭირო ხმის დაფიქსირება, რადგან გადაყენებაზე იყო და ა.შ. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მობილიზაციაც არ იყო შესაბამისი. ჩვენ ჩვენი მინუსი იმ შემთხვევაში ჩვენ თვითონ უნდა ვთქვათ - შესაბამისი მობილიზაცია არ იყო და როცა იყო შესაბამისი მობილიზაცია, სანამ არ იყო უფრო სწორად, მანამდე ბატონი ზვიადი არ გააყენა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობა კენჭისყრის განმეორებით ჩატარებამდე საკუთარი ნებით დატოვა.